The Financial Times: მიმდინარე წელს ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს

The Financial Times: მიმდინარე წელს ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს

მიმდინარე წელს ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმა აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის მონაცემებზე დაყრდნობით The Financial Times-ი წერს.

მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბელგია და ესპანეთი ჩინეთის შემდეგ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან.

საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. ეს განპირობებულია იმით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ევროკავშირი არ ყიდულობდა დიდი მოცულობით თხევად ბუნებრივ აირს, ვინაიდან გაზს გაზსადენის საშუალებით იღებდა. თუმცა ეს ზრდა გაცილებით მაღალია მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის ზრდასთან შედარებით, რომელიც 6%-ს შეადგენს.

Global Witness-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ევროკავშირის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის ღირებულება 5,29 მილიარდ ევროს შეადგენს.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს [გაზი] მილსადენით მოდის თუ ნავით - ეს მაინც ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები მილიარდებს აგზავნიან ვლადიმირ პუტინის ომის ყულაბაში“, - აცხადებს Global Witness-ის წარმომადგენელი ჯონათან ნორონა-განტი.