ფხენიანის მტკიცებით, ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა ამერიკულ ჯარში არაადამიანური მოპყრობისა და რასიზმის გამო გადაწყვიტა

ფხენიანის მტკიცებით, ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა ამერიკულ ჯარში არაადამიანური მოპყრობისა და რასიზმის გამო გადაწყვიტა

ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი, რომელმაც დემილიტარიზებულ ზონაში ყოფნისას უნებართვოდ გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და გადავიდა სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში, ეს გადაწყვეტილება ამერიკულ ჯარში არსებული რასიზმის გამო მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

„გამოძიების მსვლელობისას ტრევის კინგმა აღიარა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა ამერიკულ ჯარში არაადამიანური მოპყრობისა და რასიზმის გამო გადაწყვიტა. მან ასევე განაცხადა, რომ თავშესაფრის მიღება სურს ჩრდილოეთ კორეაში ან რომელიმე მესამე ქვეყანაში“, - წერს ჩრდილოკორეული მედია.

ფხენიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ბედი ელის ტრევის კინგს ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა აღნიშნულია, რომ მან ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

მოქმედმა ამერიკელმა სამხედრომ, მეორე კლასის რიგითმა ტრევის კინგმა 18 ივლისს დემილიტარიზებულ ზონაში ყოფნისას უნებართვოდ გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და გადავიდა სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ის ჩრდილოკორეელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.