აშშ-ში, ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სირენების სისტემა არ ამუშავდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჰავაის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამაფრთხილებელი სირენების გარე სისტემა აქვს. თუმცა მასშტაბური ხანძრის დროს, მაუიზე 80-ვე სირენა ჩუმად იყო. ამას შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშიც ადასტურებენ.
„ჩვენი მონაცემების თანახმად, შტატსა და ქვეყანაში არავის უცდია ამ სირენების აქტივაცია“, - აცხადებს სააგენტოს პრესსპიკერი ადამ ვეინტრაუბი.
ძლიერი ხანძარი მაუიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიას სულ მცირე 93 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი. შაბათის მონაცემებით, ათობით ნაპოვნი ცხედრიდან მხოლოდ ორის ამოცნობა მოხერხდა. განადგურებული და დაზიანებულია 2 200-მდე შენობა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.