შეშფოთება იზრდება უკრაინის კონტრშეტევის ტემპთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით, რადგან ბოლო კვირების განმავლობაშიო, მცირე პროგრესი შეინიშნება, ხოლო რუსეთის თავდაცვის ხაზები ძლიერია, - წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეშფოთება გასულ კვირას გაძლიერდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დაიწყო მეორე შეტევა ზაპოროჟიეს რეგიონში და დასავლელი მოკავშირეების თვალში წარმატებას ვერ მიაღწია.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს CNN-ს განუცხადეს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის სწრაფი მოახლოების გამო.
Quincy Institute for Responsible Statecraft-მა ჟურნალ Time-ის სტატიაში აღნიშნა, რომ უკრაინულ ძალებს სჭირდებათ „გეგმა ბ“, რომელიც მოიცავს თავდაცვაზე ფოკუსირებას.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები მედიასთან კერძო საუბრებში გამომაფხიზლებელ შეფასებებს აკეთებენ, ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ უკრაინა დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და საბოლოოდ გაიმარჯვებს.
მაკსიმ სკრიპჩენკო, კიევში მდებარე ტრანსატლანტიკური დიალოგის ცენტრის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ დასავლეთის ამჟამინდელი მხარდაჭერა „საკმარისია გადარჩენისთვის“, მაგრამ „არასაკმარისია ეფექტური კონტრშეტევისთვის“.
„[იარაღის] გარეშე მე ვფიქრობ, რომ არავინ უნდა ელოდოს ისეთ სასწაულს, როგორიც იყო ერთი წლის წინ, რადგან რუსეთი ახლა უფრო მომზადებულია“, - აღნიშნა მან.
შეტევის წინ, რომელიც ივნისის დასაწყისში დაიწყო, ნატოს წევრებმა უკრაინას ასობით თანამედროვე ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცეს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უკრაინას ყველაფერი, აქვს რაც საჭიროა შეტევისთვის. ზოგიერთმა მოკავშირემ ასევე უზრუნველყო საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ზაპოროჟიეში კონტრშეტევას დიდი ამბიციები აქვს: უკრაინული ძალები უნდა გავიდნენ აზოვის ზღვამდე და გაკვეთონ სახმელეთო ხიდი კონტინენტური რუსეთიდან ყირიმის ნახევარკუნძულამდე, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინუკლი ძალები ცდილობენ დაიბრუნონ ქალაქ ბახმუტის მიმდებარე ტერიტორია დონეცკის ოლქის გასათავისუფლებლად.
ორივე შეტევა ისეთი დაბრკოლებების წინაშე დგას, როგორიცაა სანგრები, დანაღმული ველები, რუსული საჰაერო უპირატესობა და ინტენსიური საარტილერიო თავდაცვა.
ბრანისლავ სლანჩევი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი, ამბობს, რომ უკრაინა უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ზოგიერთი მხარდამჭერი ელოდა, რადგან კიევს დანაკარგების მინიმიზირება სურს.
სლანჩევის პროგნოზით, უკრაინა "ძალიან ახლოსაა ზაპოროჟიეში გარღვევასთან", და აღნიშნა, რომ უკრაინას თვეების შრომა დასჭირდა მანამ, სანამ შარშან ხერსონის დაბრუნების წარმატებულ შეტევაში დიდ შედეგებს მიაღწია.
უკრაინა ადაპტირებს თავის ტაქტიკას და კვლავ ინარჩუნებს ინიციატივას, - აღნიშნა მიკ რაიანმა, ავსტრალიის არმიის გადამდგარმა გენერალმა და სამხედრო ანალიტიკოსმა. მისი თქმით, უკრაინული ძალები ახლა იკავებენ ტერიტორიების მცირე მონაკვეთებს, აძლიერებენ პოზიციებს და წინ მიიწევენ არტილერიის საფარქვეშ.
პენტაგონის სპიკერმა ომის ამჟამინდელი ეტაპი დაახასიათა, როგორც „სასტიკი ბრძოლა“, მაგრამ შეაქო უკრაინის არმია წარსულში გამარჯვებებისა და დიდი დაბრკოლებების გადალახვის უნარისთვის.
უკრაინის პრობლემის ნაწილი თავდაცვის ფართო ქსელია, რომელსაც რუსეთი თვეების განმავლობაში აგებდა და რომლის გამაგრებასაც განაგრძობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა მიმდინარე კვირაში აღიარა, რომ რუსეთი "სერიოზულად აძლიერებს თავის თავდაცვით ხაზებს".