რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"რუსული ტერაქტის სამიზნე კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტია. ისევ და ისევ, არანაირი სამხედრო სამიზნე. ტერიტორია ამ დროს ძალიან ხალხმრავალია", - განაცხადა ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა, იური მალაშკომ.
პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით 19:20 საათზე რუსული რაკეტა ისკანდერ-K ზაპოროჟიეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა.
უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა, დენიზ ბრაუნმა განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სასტუმრო Reikartz-ი, სადაც გაეროს თანამშრომლებიც ცხოვრობენ.