The Washington Post: ნელი კონტრშეტევა უკრაინელების განწყობას აფუჭებს

The Washington Post: ნელი კონტრშეტევა უკრაინელების განწყობას აფუჭებს

თითქმის 18 თვის განმავლობაში უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუს დამპყრობლებს და მხარს უჭერს თავის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ომით დაღლა ნელ-ნელა იმატებს, - წერს გაზეთი The Washington Post-ი სტატიაში სათაურით ნელი კონტრშეტევა უკრაინელების განწყობას აფუჭებს.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ წელს შეძლეს გამარჯვების მოპოვება კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში, რამაც უკრაინელებს ძალა მისცა მძიმე ზამთარში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები გადაეტანათ.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკრაინელი ოფიციალური პირები და მათი დასავლელი პარტნიორები საუბრობდნენ მომავალ კონტრშეტევაზე, რომელიც, როგორც იმედოვნებდნენ, ახალი იარაღისა და წვრთნების წყალობით ომის მსვლელობას შეცვლიდა. მაგრამ კონტრშეტევის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, ფრონტზე მცირე შესამჩნევი პროგრესის ფონზე ერთიანობისა და უსაზღვრო სტაბილურობის ნარატივმა რღვევა დაიწყო“, - ნათქვამია სტატიაში.

„დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია და სახლში დაბრუნების გზას ვერ ხედავს. რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების სერიის გამო, ქვეყნის ყველა კუთხეში მშვიდობიანი მოსახლეობა დაუძლურდა“, - წერს ამერიკული გაზეთი.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უკრაინელები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ კარგი ამბები, უბრალოდ არ იღებენ მათ.

ქალმა, რომლის ქმარი ომიდან ფეხის გარეშე დაბრუნდა, The Washington Post-თან საუბარში განაცხადა, რომ მას სურს, რომ კონტრშეტევა უფრო აქტიური იყოს.

„მინდა, რომ ფასი, რომელიც მათ [ჯარისკაცებმა] გადაიხადეს, გონივრული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მათ გაიარეს, უბრალოდ უსარგებლო გამოდის“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მისი ქმარი აცხადებს, რომ ჯარში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის ფრონტზე აღარ დაბრუნდება.

„ყველა მიჰყავთ და წინა ხაზზე აგზავნიან სათანადო მომზადების გარეშე. არ მინდა უმოტივაციო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა“, - განაცხადა მან.

The Washington Post-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ [უკრაინელი] ხალხი ძირითადად გაბრაზებულია რუსეთზე, მათ ასევე არ ეშინიათ უკრაინის, კერძოდ, კორუმპირებული ჩინოვნიკების კრიტიკის.

როგორც ზოგიერთი ჯარისკაცი ამბობს, ადამიანები, რომლებიც ომიდან სარგებელს იღებენ, „წინა ხაზზე უნდა გააგზავნონ“.

ასევე, ხალხი ხშირად აკრიტიკებს მათ, ვინც ახლა მხიარულობს, ომის მიუხედავად.

„ყველა ამ მოცეკვავე და გაღიმებულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ჩემი შეყვარებულის მსგავსი ჯარისკაცები იმყოფებიან თხრილებში [როტაციის გარეშე] და ყოველდღე ცეცხლის ქვეშ არიან“, - თქვა გოგონამ, რომლის შეყვარებული ახლა ფრონტზეა.