მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან - სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან - სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, თუმცა გუშინ მაშველებმა ვერავის კვალს მიაგნეს. მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები, მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა. ეს პროცესი დღესაც გაგრძელდება.

ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შესაძლებელია ადამიანები მოყოლილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრია კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზა.

სტიქიის ზონაში, აქამდე მიუვალ ადგილებში დამატებით დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც.

სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც. მაშველებმა ორ სხვადასხვა ადგილას გუშინწინ კიდევ 2 ცხედარი იპოვეს.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 21 ადამიანი ემსხვერპლა, 19 იდენტიფიცირებულია. 12-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.