გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ექსპერტმა გიორგი გულიაშვილმა „ქრონიკასთან“ შოვში სტიქიის მიზეზებზე ისაუბრა.
„მყინვარზე მიმდინარეობს ინტენსიური აბლაციური პროცესები. მყინვარის ენა რომ ნახოთ, მყინვარის ეს სხეული დაჩეხილია ყინულის უზარმაზარ ლოდებად. რომ მოწყდა ეს კლდოვანი მასა, დაეცა ამ მყინვარის ზედაპირს, ყველაფერი ერთმანეთში აირია. აქ გასათვალისწინებელია ხახუნის ძალა. ეს ძალიან დიდი დახრილობის ხეობა არის, და ხახუნის ძალით, მყარი ყინულის მასა გადნა.
წყლის ნაწილი დაემატა მყინვარის ქვეშ არსებული წყლებიდან, რომელიც მყინვარის ზედაპირიდან ჩაჟონილია და ქვევით გამოდის, ენასთან. გროტი ეწოდება ამას. ასევე, მყინვარის ქვეშ მცირე-მცირე ტბები, დაგუბებები შეიძლება ყოფილიყო. ეს ყველაფერი შეიკრიბა.
გარდა ამისა, არის მყინვარის შენაკადები. ეს ყველაფერი გზადაგზა რომ აკრიფა, მივიღეთ წყლის ის რაოდენობა და მასა, რომელმაც ეს ყოველივე დაძრა“, - განმარტავს გულიაშვილი.