იმის შანსი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე გაიცეს რეკომენდაცია, საკმაოდ მაღალია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ რიკარდ იოზვიაკმა განუცხადა. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორ ამ მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 2024 წელს ევროკავშირი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით იქნება დაკავებული. მოგეხსენებათ, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იცვლება ევროკომისია, ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები, საბჭოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ვიცი, რომ ამ პროცესს მთელი ერთი წელი სჭირდება. შესაბამისად, ბრიუსელში არის ასეთი იდეა, რომ სამივე სახელმწიფოზე - საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე ახლა დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან მომავალ წელს ამაზე დიდად ყურადღებას ვეღარ გაამახვილებენ.
მეორე რიგში, უნდა აღნიშნოს, რომ კანდიდატის სტატუსი აქვს თითქმის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს - კოსოვოს გარდა, რომელსაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფო არ აღიარებს. ბოსნიამ მიიღო კანდიდატის სტატუსი გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობა არ დაუკმაყოფილებელია. შესაბამისად, არის მოსაზრება, რომ საქართველოც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ცხადია, არიან ქვეყნები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები საქართველოს მიმართ. თავად ევროკომისიაც, სავარაუდოდ საკმაოდ კრიტიკული იქნება გარკვეულ დონეზე. თუმცა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ერთიანად.
ჩემი აზრით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოჰყვება გარკვეული პირობები და მოთხოვნები, რომლებიც მან უნდა დააკმაყოფილოს, იმისთვის რომ გადაინაცვლოს უკვე შემდგომ საფეხურზე, ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამჟამად ყველა თანხმდება, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე ერთი საფეხურით მაღლა დგანან, თუმცა თუკი ეს ორი სახელმწიფო გაწევრიანების კუთხით შემდგომ ეტაპზე გადავა და საქართველოა არა, მაშინ შეიქმნება მეტისმეტად დიდი ნაპრალი ამ სახელმწიფოებს შორის, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ერთ პაკეტად განიხილებით, ამიტომ, ამასაც მხედველობაში იღებენ.
მართალია, იაზრებენ იმ პრობლემას, რაც საქართველოშია, თუმცა არ სურთ, რომ არასწორი გზავნილი მისცენ ქართველ ხალხს, რადგან არსებობს ის შიშიც, რომ ასე ევროინტეგრაციის გზა საქართველოსთვის დაიხურება“, - ამბობს იოზვიაკი.
მანამდე, იოზვიაკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადება დაწყებულია.