პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

პორტუგალიაში ტყის ხანძარს 800-მდე მეხანძრე ებრძვის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ოდემირასთან მძვინვარებს. ევაკუირებულია 1 400-ზე მეტი ადამიანი. ხანძართან ბრძოლის დროს 9 მეხანძრე დაშავდა.

სპეციალისტების ხანძრის მიზეზად კლიმატურ ცვლილებას ასახელებენ. კერძოდ, ორშაბათს პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურის ახალი რეკორდი დამყარდა - ქალაქ სანტარემში ჰაერი 46,4 გრადუსამდე გათბა. ტყის ხანძრების რისკი მაღალია პორტუგალიის 120-ზე მეტ მუნიციპალიტეტში.

პირენეს ნახევარკუნძულზე წელს უკვე მესამე სიცხის ტალღა ფიქსირდება. მეცნიერების განმარტებით, მრეწველობის ხანის დაწყებიდან, გლობალური ტემპერატურა უკვე 1.1C გრადუსით გაიზარდა. თუ მსოფლიო შესაბამის ზომებს არ მიიღებს, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტიქიურ მოვლენებს გაახშირებს.