ოთარ ღოღაძე, რომელიც სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს, აცხადებს, რომ სტიქიის ეპიცენტრს სკოლის ბანაკის ჯგუფთან ერთად ერთი საათით გაასწრო.
„ერთი საათის წინ გადავიარეთ ზუსტად იმ ხიდზე, რაც მერე წყალმა წაიღო. იქ, სადაც ჩვენ ვიყავით დაბანაკებულები, სკოლის ბანაკია, იქ არაფერი ხდებოდა. ეპიცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ვიყავით. 57 კაცი ვიყავით და მშვიდობიანად ჩამოვედით“, - აცხადებს ოთარ ღოღაძე.
სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 130-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. ვერტმფრენმა ამ დროისთვის რვა საევაკუაციო რეისი შეასრულა. ვერტმფრენი კვლავ გაემართა სტიქიის ზონაში.
ვერტმფრენებთან დგანან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ინიშნავენ სახელებსა და გვარებს და სწორედ ამის მიხედვით ზუსტდება სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანების რაოდენობა. აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოჯახის წევრებს, რომლებთან კონტაქტიც მათი თქმით, გუშინ შუადღის შემდეგ არ ჰქონიათ.
ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, 50-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მათ შორის არიან ბავშვებიც.