მერაბ გამყრელიძე: 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სამაშველო სამუშაოები ახლაც არ წყდება

მერაბ გამყრელიძე: 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სამაშველო სამუშაოები ახლაც არ წყდება

ამოქმედდა 24-საათიანი ცხელი ხაზი, ჩართულია ყველა სტრუქტურა. ახლაც არ წყდება სამაშველო სამუშაოები. დაახლოებით 150-მდე მაშველი მეხანძრე მუშაობს ადგილზე,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორი გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ. საბედნიეროდ, 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენების მეშვეობით. დაახლოებით 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილი, სადაც ნაწილთან უკვე იმყოფება პოლიციის ქვედანაყოფები, სამაშველო სამსახურები. ატანილია პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ყველა საშუალება, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი დაყოვნება და როგორც კი ფრენის საშუალება იქნება, გამოვიყვანთ ვერტმფრენის მეშვეობით ქალაქ ონში. შეტყობინებების საფუძველზე ვიცით, რომ დაახლოებით 50 მოქალაქეს ვერ უკავშირდებიან ახლობლები და ჩვენც ჩართული ვართ მათ მოძიებაში. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს. ამოქმედდა „ცხელი ხაზიც“. ჩართულია ყველა სტრუქტურა, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი სამსახურები. მიდის ყოველწამიერი მუშაობა. ახლაც არ წყდება სამაშველო სამუშაოები. დაახლოებით 150-მდე მაშველი მეხანძრე მუშაობს ადგილზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს.

ადგილზე 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული და 152 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. 50 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.