რამაზ საყვარელიძე: ჩინეთის გამოჩენამ ჩვენთვის შეიძლება ბევრი თვალსაზრისით დადებითი შედეგი მოიტანოს

რამაზ საყვარელიძე: ჩინეთის გამოჩენამ ჩვენთვის შეიძლება ბევრი თვალსაზრისით დადებითი შედეგი მოიტანოს

ჩინეთის გამოჩენამ ჩვენთვის შეიძლება ბევრი თვალსაზრისით დადებითი შედეგი მოიტანოს, ჩინეთია ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც რუსეთს ეშინია - რუსეთთან რომ ჩინური სიტყვა ჭრის, ეს ფაქტია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როდესაც საქართველოს დელეგაცია ჩინეთში მიდიოდა, მათ ამერიკის ფაქტორის გამო ზედმეტ ლაპარაკს თავი აარიდეს და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ წინასწარ საუბარი არ ყოფილა.

მისივე თქმით, თუკი აღმოაჩენ, რომ ამერიკის დასაბალანსებლად ჩინეთი გჭირდება, მაშინ ბალანსის პოლიტიკა უნდა გამოიყენო.

„დელეგაცია რომ მიდიოდა ჩინეთში, ნათქვამი იყო, რომ მარტო მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშები უნდა გახსნან. იქ როგორც კი შეხვდნენ პირველი პირები, გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ზედმეტ ლაპარაკს აარიდეს თავი. ე. ი. გაჩუმებაც ისწავლეს. ასეთი მოულოდნელობები არ ხდება ხოლმე. მომწონს ასეთი სიფრთხილე...

პომპეო რომ ჩამოვიდა საქართველოში თქვა, რომ ანაკლიაში ჩინეთი არ გააკაროთო და ესაა ამერიკული პოზიცია, არ შეცვლილა დღეისათვის. ამიტომ ჩუმად რომ წავიდნენ ჩვენები ჩინეთში, ამერიკის ფაქტორის გამო წავიდნენ ჩუმად, ეს პროცესები არ უნდა გასაჯაროვდეს, თუ გინდა ჩინეთის კარტი გამოიყენო. ეს პოლიტიკაა, რაღაცებს თამაშობს ეს ხალხი. არ გაგიგიათ, რომ ქალი ეკეკლუცება ერთ კაცს და მერე დაიწყებს მეორესთან კეკლუცობას, რომ ამის ინტერესი გააღვივოს? რატომ ვდგებით ხოლმე ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა პლანეტიდან ჩამოვედით, ეს ურთიერთობებია და პოლიტიკაც ურთიერთობებია. თუკი აღმოაჩენ, რომ დაბალანსება გჭირდება, მაშინ უნდა გამოიყენო ბალანსი. გჭირდება იმიტომ, რომ პომპეომ არ უნდა გითხრას, ჩინეთში შემოიყვან თუ არა შემოიყვან და თუკი უნდა ამერიკას ანაკლიის პორტი, დააფინანსოს თვითონ, ვინ შეუშალა ხელი? რომელიმე პროექტზე უარი ვუთხარით? თან ეუბნებიან, რომ რაღაცა არ გააკეთო, ანუ არ გექცევა როგორც პარტნიორი, გავბედავ და ვიტყვი, შენ ის გექცევა როგორც ბატონი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.