მანჯგალაძე: ხატია დეკანოიძემ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე ნაკლებად რაც ახლა ხალხს აინტერესებს, არის კინკლაობა და წარსულზე გაუთავებელი საუბარი

მანჯგალაძე: ხატია დეკანოიძემ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე ნაკლებად რაც ახლა ხალხს აინტერესებს, არის კინკლაობა და წარსულზე გაუთავებელი საუბარი

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, რაზე წუხს ხატია დეკანოიძე. ხატია დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, შევახსენებ, 2017 წელს გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს, როცა ჩვენ ვაკეთებდით „ძალა ერთობაშიას“, იქაც იყვნენ ადამიანები, ვინც ამბობდა, რომ 3 პროცენტი იმ დროინდელ „ნაციონალური მოძრაობის“ 17 პროცენტს დაემატებოდა და იქნებოდა 20 პროცენტი, ეს იქნებოდა მთელი სარგებელი. ჩვენ მივიღეთ 41 პროცენტი, ანუ ორჯერ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ მათემატიკური დამატებაა. ვინც ბუღალტერიაშია შესული, აკლებს და ამატებს პროცენტებს, დარჩება ამ პროცენტებში. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მთავარი დაკვეთის შესრულებისთვის, რაც ხალხს აინტერესებს. ხალხს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გამარჯვება, რადგან საქართველოს, ბოლო ათწლეულებია, სპორტის გარდა, არაფერში გაუმარჯვია, ეს არის პრობლემა ქვეყნის, ამიტომ ქვეყანას სჭირდება გამარჯვება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.