ევროკავშირის ანგარიში პოზიტიურია, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს მართლაც არაჩვეულებრივი პროგრესი აქვს და ქვეყანა სვლას განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება რეფორმებს ატარებს, რაც ევროკავშირს შეუმჩნეველი არ დარჩა.
„ევროკავშირის ანგარიში პოზიტიურია. ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს 2012 წელს მძიმე მემკვიდრეობა ერგო, უმძიმესი მდგომარეობა იყო და ეს ცნობილი იყო არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ მიმართულებით საქართველოს მართლაც არაჩვეულებრივი პროგრესი აქვს და ქვეყანა სვლას განაგრძობს. ხელისუფლება რეფორმებს ატარებს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩა ევროკავშირს. დაფასება შესაბამისი და პოზიტიურია, რომ ქვეყანას აქვს გამართული სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სექტორში. ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით, საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია, მიღწეულით დავკმაყოფილდეთ და სამომავლო ხედვა არ გვქონდეს, მიღწეულის განმტკიცების. როცა ანტიკორუფციულ მიმართულებაზეა აქცენტი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ერთ-ერთი სანიმუშო სახელმწიფოა საკუთარი მაჩვენებლებით, ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს მდგრადი სისტემის არსებობით. ვერ დავარქმევდი, რომ ამ ნაწილში შენიშვნაა. ალბათ, გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულება, რა თვალსაზრისით უნდა გააგრძელოს სახელმწიფომ მუშაობა. სახელმწიფომ სვლა იმ მიმართულებით უნდა გააგრძელოს, რითაც აქამდე მოძრაობდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა მათი აღსრულება უნდა გაძლიერდეს.