შალვა პაპუაშვილი: ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა საბოლოო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს „ნაციონალურ მოძრაობას“

შალვა პაპუაშვილი: ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა საბოლოო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს „ნაციონალურ მოძრაობას“

შალვა პაპუაშვილი სოზარ სუბარის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის წინადადებით გამოვიდა. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ეს ინიციატივა ჯერ მხოლოდ გაჟღერდა და რა ფორმას შეიძენს არ ვიცი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვანია რომ ეს პოლიტიკური ძალა და ის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობას, პოლიტიკურად საბოლოოდ დამარცხდეს. ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე 10 წელზე მეტია არ უშვებს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან კავშირში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე სახის სახელისუფლებო ბერკეტი მიიღონ. ახლა უკვე ამოცანა არის, რომ ქართული საზოგადოების ეს დამოკიდებულება ისე გამოიხატოს, რომ მოხდეს მთლიანად მარგინალიზება ამ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა საბოლოო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს „ნაციონალურ მოძრაობას“, - მიიჩნევს პაპუაშვილი.

სოზარ სუბარი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლისა და გასამართლების პროცესის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა Facebook-ზე დაწერა.