ჩემი აზრით, დარჩიაშვილის პოსტი მთელი სიცხადით წარმოადგენს მანკიერებას „ნაციონალური მოძრაობის“ და იმის, თუ რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტურად არაევროპული და არაჰუმანური პოლიტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, დარჩიაშვილის პოსტი არის ილუსტრაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არასდროს უღიარებია საკუთარი შეცდომები.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმავე პოზიციაზე დგას, რომ სწორი იყო გირგვლიანთან, მოლაშვილთან, შავაძესთან მიმართებაში და ა.შ. სინამდვილეში, ესენი არიან პოლიტიკოსთა ერთობლიობა, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ, ადამიანი აწამონ, თუ ამისთვის რაიმე მიზეზი გააჩნიათ, ოღონდ აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ შავაძის შემთხვევაში არავითარი დასაყრდენი მტკიცებულება არ ჰქონიათ, რომ დააბრალონ მოღალატეობა. ამას რომ თავი დავანებოთ, ნახეთ, სად ჩანს მათი ვითომ ევროპულობა, ისინი თვლიან, რომ უნდა აკეთონ ისეთი საქმეები, როგორიცაა ადამიანების წამება, თუნდაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თვლიდეს, რომ ეს წამება არის დაუშვებელი, ეს არის უბედურება. ზუსტად ამ ნიშნით გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და დღემდე ასე ფიქრობენ. ეს არის დასანანი, რომ ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან იგივე აკეთონ. ეს არის დაუშვებელი. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე დგება რისკის ქვეშ. თავის დროზე, ჯერ კიდევ მაშინ, 2008- 2009 წელს იყო საუბარი, ოჯახი საუბრობდა ამის თაობაზე, რომ იყო მუქარა, თუ ხმაურს ატეხდნენ ამ ვანდალიზმთან, ბარბაროსობასთან დაკავშირებით, რაც შავაძესთან მიმართებაში მოხდა, ემუქრებოდნენ, რომ შავაძეს დააბრალებდნენ მოღალატეობას. როგორც ჩანს, ამ კურსის, მუქარის გაგრძელებაა ახლა ის, რასაც ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, მათ შორის დარჩიაშვილის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.