შეიძლება ითქვას, რომ კეზერაშვილი დაწინაურდა ახლა პარტიულ ნომენკლატურაში , - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძარობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნას.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი დავით კეზერაშვილთან ასოცირდება.
„როდესაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყო, გახსოვთ, ალბათ, ზურაბ ჭიაბერაშვილის განაცხადი თავმჯდომარეობის შესახებ. მან განაცხადა, რომ სურდა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. მე მაშინ ჩემი შეფასება გავაკეთე ამ ყველაფერზე, ვთქვი, რომ ეს ერთი საერთო თამაშის ნაწილია, რაზეც ზოგ-ზოგიერთი ნაწყენი დარჩა და გაუგებარი აღმოჩნდა ჩემი სიტყვები. ეს ჩავლილი ამბავია, მაგრამ დღეს უკვე მეორეჯერ მობრუნება მოხდა. მე არ ვაფასებ ზურას კვალიფიკაციას, მის შესაძლებლობებს, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. მე უბრალოდ ვამბობ, დასტურდება ის, რომ როგორც მაშინ, ასევე, დღეს ის არის კონკრეტული ხაზის ნაწილი, კონკრეტული ერთი თამაშის ნაწილი. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კეზერაშვილი დაწინაურდა ახლა პარტიულ ნომენკლატურაში, მისი მხრიდანაა ცალსახად ეს ყველაფერი გაკეთებული. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება შენი მხრიდან პარტიაში, გავლენები მით უფრო მეტია. ზურაბ ჭიაბერაშვილი მასთან მოიაზრება, მასთან ასოცირდება, მაგრამ უნდათ რომ დამაჯერონ, რომ ლევან ხაბეიშვილმა გაიღვიძა და უცბად გადაწყვიტა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს რაღაც მიმართულება ჩაებარებინა. თეთრზე შავს გვაჯერებენ“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ის ადამიანი, ვინც კეზერაშვილთან პარტნიორულ ურთიერთობაში არიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოუერთდნენ.
„გიგი უგულავასთან მიმართებაში არ მინდა წინასწარ გავუსწრო მოვლენებს, თუმცა საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ის ადამიანები, ვინც კეზერაშვილთან ნორმალურ და პარტნიორულ ურთიერთობაში იყვნენ, დაუბრუნდნენ, შემოუერთდნენ თუ ჩაერთონ პარტიულ საქმიანობაში. ყოველ შემთხვევაში ზურაბ ჭიაბერაშვილის სახით დავინახეთ ეს ტენდენცია“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ ამაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან რესურსი ჯერ კიდევ არის დარჩენილი ვითარების შესაცვლელად.
„ნამდვილად ვერ ვხედავ ჩემს ადგილს იქ, სადაც არაფორმალური მმართველობის ელემენტებია. რაღაც პრინციპები ხომ არსებობს? არ მიღირს არავითარი მანდატი იმის სანაცვლოდ, რომ გავჩუმდე. თუ [პარტიიდან წასვლის] გადაწყვეტილება მივიღე, ამის შესახებ ძალიან ღიად ვიტყვი და ამის მოტივაციასაც გავიგებთ, მაგრამ დღეს ნამდვილად არ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ვინაიდან, მგონია, რომ მცირედი, მაგრამ მაინც რესურსი არის დარჩენილი. იქნებ ამოვატრიალოთ მდგომარეობა“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.