„ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი გიორგი აბაშიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს.
„ვიღებთ ძალიან სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს, ამავდროულად, მონეტარული პოლიტიკა არის საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი, და რაც მთავარია, მიუხედავად არსებული კვლავ ტურბულენციური გარემოსი, საქართველო ახერხებს რეფორმების გატარებას, თან ამ ყველაფერს ახერხებს იმის პარალელურად, რომ საქართველო არის ერთგული პარტნიორების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკური მდგრადობაზე, გატარებული რეფორმებზე, აგრეთვე პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უადვილებს წვდომას უცხოურ ბაზრებზე.