ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან კარგია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი არ იყო პროცესში ჩართული, თუმცა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ ლობისტების, რომლებმაც ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტს ტყუილი ინფორმაცია მიაწოდეს

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან კარგია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი არ იყო პროცესში ჩართული, თუმცა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ ლობისტების, რომლებმაც ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტს ტყუილი ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ქრონიკაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

FARA-ს კანონის მეშვეობით გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ მას სჯერა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების და საკითხი უნდა გაირკვეს ლობისტებთან მიმართებაში, თუ ისინი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან დაკავშირებით იტყუებიან.

„თუ ისინი აბრალებენ საელჩოს წარმომადგენელს იმას, რომ მათთან ეს საუბარი შედგა, მაშინ პასუხი ლობისტებს უნდა მოეთხოვოს იმისთვის, რომ ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. ეს არ არის ტრივიალური საკითხი. მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ლობისტები ცდილობენ, საქართველოს სანქცირებას მიაღწიონ, ეს არ არის საყოფაცხოვრებო საკითხი, რომელიც შეიძლება მივაფუჩეჩოთ და ყურადღება არ მივაქციოთ. ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც ორი მნიშვნელოვანი პარტნიორის ურთიერთობას შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს, ამდენად ყველანაირი კითხვა პასუხგაცემული უნდა იყოს.

ძალიან კარგია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი არ იყო ამ საქმიანობაში ჩართული და ჩვენთვის ეს ძალიან კარგი ამბავია. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ ლობისტების, რომლებმაც ტყუილი ინფორმაცია გაავრცელეს და მიაწოდეს საკუთარი ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მათი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

„როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.