ცხოვრება ბრიტანული სანქციებით - მძღოლები, პირადი შეფ-მზარეულები და ერთი მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ხარჯი. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნიუ-იორკ თაიმსი“, სადაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსი ოლიგარქების მიმართ დაწესებულ სანქციებზეა საუბარი.
სტატიაში განმარტებულია, რომ სანქციების მიუხედავად ზოგიერთი რუსი ოლიგარქი გამონაკლისთა სიაში მოხვდა. ბრიტანეთის მთავრობამ მათ ასობით ათასი დოლარის დახარჯვის უფლება, ე.წ. ლიცენზია მისცა, რომელიც წესით სანქცირებულ პირთა ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფას გულისხმობდა.
ცალკეულ შემთხვევებში, ზოგიერთმა რუსმა ოლიგარქმა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. სტატიის თანახმად, პრივილეგიებით მიხაილ ფრიდმანიც სარგებლობს. რუსმა ოლიგარქმა უკრაინაში მიმდინარე ომის პირველ წელს პირად შეფ-მზარეულში, მძღოლებსა და სხვა ძვირადღირებულ მომსახურებაში 400 000-მდე დოლარი დახარჯა. სტატიის თანახმად, მსგავსი პრივილეგიებით ბრიტანეთის ხაზინამ 2022 წელს 82 პირი უზრუნველყო.