ჰააგის სასამართლოში ვითხოვთ რუსეთის გასამართლებას, ამ დოკუმენტს ვართ შეერთებული, მაგრამ ფიზიკურად ამ ომში ჩართვას ჩვენ ვერ ვახერხებთ, არ გავწირავთ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რაც უნდა მიზნები დაგვიხატონ ლამაზად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას დავალება აქვს, რომ ყველა წინადადებაში ორჯერ მაინც უნდა ახსენოს რუსეთი.
„დავალება აქვთ და უკვე სასაცილოდ აღარ ჰყოფნით ადამიანებს, რომ ყველა წინადადებაში ორჯერ მაინც უნდა ახსენონ სიტყვა რუსული. იმდენჯერ ახსენებენ შეუყვარდებათ მართლა ბოლოს პუტინი და რუსეთი. პუტინის რუსეთი შეუყვარდებათ, სტოკჰოლმის სინდრომი დაემართებათ. წარმოუდგენელი მარაზმია უკვე მათი პიარ სტრატეგია. ეს ყველაფერი ხდება ღიად და კულისებში ათასჯერ მეტი რამ ხდება. ჩვენ გამუდმებით ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს კოლეგებს ვუგზავნით რელიზებს, სადაც დეტალურად არის ეს ყველაფერი აღწერილი. საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს, მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს განუწყვეტელი კონტაქტი აქვთ და დეტალურად მიდის იმ სიმართლის ახსნა, რომლის გატანაც დღეს ძალიან რთულია. დღეს კიდევ რა ნარატივის დანერგვას ცდილობენ, იცით? მესიჯები მოვისმინე, თუთიყუშებივით რომ იმეორებენ, თუ ფული წყვეტს და ლობისტები წყვეტენ, რა, ფული არ აქვს ბიძინა ივანიშვილსო? ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა და მეორე, რაც არ უნდა ფული ჰქონდეს ვიღაცას და შემოწირულებები სხვაზე მეტი, პირობითად „ქართულ ოცნებას“, ფული არ წყვეტს. ფული წყვეტს მაშინ, როდესაც სხვა კატეგორიის მხარდაჭერაა. გლობალური ომის პარტიას ჩვენ შემთხვევით არ ვახსენებთ. ამით ვერიდებით რაღაცების თქმას და პირობით სახელს ვარქმევთ იმ დიდ ჯგუფს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის და რომლის მიზანია, სხვა გლობალური ინტერესები, რაც საქართველოსთვის ყველა შემთხვევაში არასწორი და დამღუპველია, მომაკვდინებელია. ამ მომაკვდინებელ გეგმაზე არ მივყვებით ვიღაცას და ამისთვის ჩვენ ცუდი ხელისუფლება და ცუდი ქვეყანა არ ვართ. საქართველოსთვის მომაკვდინებელ გეგმაზე რატომ უნდა ჩავყვეთ ვიღაცას ომში და ბრძოლაში?! ეს საქართველოსთვის მომაკვდინებელია და არა დამაზიანებელი. მხოლოდ დამაზიანებელი რომ იყოს დავზიანდებოდით, მაგრამ მომაკვდინებელ გეგმაში ვერ მივყვებით. სხვას ყველაფერს ვაკეთებთ. მათ შორის ჰააგის სასამართლოში ვითხოვთ რუსეთის გასამართლებას, ამ დოკუმენტს ვართ შეერთებული, მაგრამ ფიზიკურად ამ ომში ჩართვას ჩვენ ვერ ვახერხებთ, არ გავწირავთ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რაც არ უნდა მიზნები დაგვიხატონ ლამაზად. შესაბამისად, თუკი ვიღაც ამბობს, ლობისტები თვითონაც დაიქირაონო, არა. სხვა ინტერესები მერე გჯობნის. სხვა ინტერესების გამო ლობისტი, ვინც არ უნდა დაიქირაო და როგორ სწორადაც უნდა დაალაგო შენ სიმართლე საერთაშორისო მედიაში, მაინც გჯობნიან და დღეს ეს მოცემულობაა, მაგრამ როდესაც ომი დამთავრდება და მშვიდობა დაისადგურებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს გამარჯვებას, მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადააფასებს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ბევრ რამეს. მგონია, რომ ეს ურთიერთობებიც კიდევ უფრო ნათელი გახდება და სწორად შეაფასებენ ჩვენ დღევანდელ დამოკიდებულებას ყველასა და ყველაფრის მიმართ. საქართველო არ დაიჩაგრება, ამის იმედი მაქვს და ამ იმედით ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ამ სწორ გზას არ გადავუხვევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.