მომავალ არჩევნებში აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, სხვანაირად შეუძლებელია, ეს არის ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარების და გადარჩენის ფორმულა, გულწრფელობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„ზუსტად იციან [ოპოზიციამ], რომ ვერანაირი თეორიული დათვლითაც კი ისინი ვერ უახლოვდებიან ჯამურად იმ შედეგს, რომელი შედეგიც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ სულ მუდამ ვერ იქნება ხელისუფლებაში, ხვალ ზეგ, ან წლების შემდეგ უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, მაგრამ ერთადერთი ვარიანტი, რომ ჩვენ ვიღაცამ მოგვიგოს, ეს ვიღაცა უნდა იყოს ეროვნული და ამავე დროს რეალურად და ჭეშმარიტად ევროპული. ამ ორ კრიტერიუმს რომ დააკმაყოფილებს, გულწრფელი იქნება და მართალი, ასეთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება რომელიღაც მომავალ არჩევნებში მოუგოს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააკეთებს იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც იმართება გარედან, სხვის დავალებებს ასრულებს და მათში ეროვნული არაფერია. მომავალ არჩევნებში აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, სხვანაირად შეუძლებელია, ეს არის ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარების და გადარჩენის ფორმულა, გულწრფელობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული“, - განაცხადა მდინარაძემ.