თუ გადავხედავთ, რა მიმართულებით ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ბოლო დროს საერთაშორისო მედიაში, და შემდეგ თუ კარგად ჩავიხედავთ FARA-ს დოკუმენტებში, ვნახავთ, რომ ძალიან დიდი კავშირი არის იმ მედიაკამპანიასა და ამ ლობისტურ საქმიანობას შორის, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ინტერესები და რეპუტაცია, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლობიზმის შედეგად ყალიბდება გარკვეული აღქმები საქართველოს შესახებ, რაც შემდგომ ხელს უშლის ქვეყანას მიზნების მიღწევაში. ბოჭორიშვილს მიაჩნია, რომ ეს პროცესები მომავალშიც გაგრძელდება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეჩერდება, ალბათ გაგრძელდება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა და თანხებია დახარჯული ამ ყველაფერში და კვლავ მოგვიწევს ამასთან გამკლავება. მაგრამ მეორე მხრივ, მეტი ინსტრუმენტია ჩვენს ხელში, იმისთვის რომ ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას ან იმ ადამიანებს, რომლებიც ალბათ თავად არიან ამ კამპანიაში ჩართულნი, რა მხარეს არის სიმართლე და რა დგას ამ კამპანიის საპირწონედ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.