ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არსი, რადიკალიზაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება უცვლელი რჩება - რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ის ამ პარტიის აქტივისტია

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არსი, რადიკალიზაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება უცვლელი რჩება - რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ის ამ პარტიის აქტივისტია

„ნაციონალური მოძრაობის“ არსი, რადიკალიზაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება უცვლელი რჩება - რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გახლავთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას და მათთან გიორგი მარგველაშვილის შესაძლო თანამშრომლობას გამოეხმაურა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ფარას“დოკუმენტებით დადასტურდა, რომ მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ არსი, სახე, ვინც არ უნდა გაერთიანდეს მასთან ან გამოვიდეს იქიდან, უცვლელი რჩება - რადიკალიზაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება.

რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ის დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიზმს ეწევა და ის არის კლასიკური მაგალითი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის. ეს დადასტურებულია „ფარას“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით, სადაც მითითებულია, რომ ბატონი მარგველაშვილი ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ პროპაგანდას კონკრეტულ საკითხებში, ეს ადასტურებს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გახლავთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ერთ-ერთი მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილს კონკურენტად მიიჩნევს და მისი „შავი პიარიც“ ამას უკავშირდება, ოხანაშვილი შემდეგნაირად პასუხობს: „გამოდის, ამერიკული „ფარა“ დაგვიქირავებია იმისთვის, რომ მარგველაშვილის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებულიყო“.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობას განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მარგველაშვილთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია. ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ თანამშრომლობაზე ყველა ლიდერთან ისაუბრებენ, მათ შორის გიორგი მარგველაშვილთან, რომელთანაც ამ თემაზე კომუნიკაცია ჰქონდათ და ექნებათ.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს გიორგი მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ სურს. "მხიარული კომენტარია ის, რომ თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია," - აღნიშნა მარგველაშვილმა.