ცოტა დროა დარჩენილი და დღევანდელი კონფერენცია ერთ-ერთი ბერკეტია, რომ ყველანაირად მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე - ბოლოს და ბოლოს თუ არაფერს გააკეთებენ, კიდევ უფრო რომ არ გააფუჭონ რაღაც და ხმა რომ არ ამოიღონ, ესეც საქმეა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია თავის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით ქვეყანა „ერთ-ორი ნაბიჯით მაინც წავიდეს წინ“.
„ძალიან მძიმე ვითარებაა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. თავად ევროკავშირმა აღიარა, რომ შესრულებულია მხოლოდ სამი. ეს ცოტა არ იყოს სასაცილოა, ვინაიდან გმირობად გვითვლიან იმას, რომ სახალხო დამცველი ავირჩიეთ. ესაა ერთი რეკომენდაცია და მეორე რეკომენდაცია ეხება იმას, რომ რაღაც ცვლილებები გავაკეთეთ გენდერთან დაკავშირებით ჩვენს კანონმდებლობაში. ანუ, იმდენად წვრილმანი რაღაცები შეასრულეს, რომ, როგორც ჩანს, ესეც კი უკვირთ. არცერთი ძირითადი რეკომენდაცია არ შესრულებულა, მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები გატარდა. ამიტომ, ცოტა დროა დარჩენილი და დღევანდელი კონფერენცია ერთ-ერთი ბერკეტია, რომ ყველანაირად მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე - იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, ევროკავშირის წარმომადგენლები - რომ როგორმე რაღაც გავაკეთებინოთ. ბოლოს და ბოლოს თუ არაფერს გააკეთებენ, კიდევ უფრო არ გააფუჭონ რაღაც, რადგან ყოველდღიურად რაღაც სიურპრიზებს ამზადებს ხოლმე „ქართული ოცნება“ დაწყებული მათი ანტიუკრაინული, ანტიქართული და პრორუსული განცხადებებით. რომ გაჩუმდნენ, ხმა რომ არ ამოიღონ ესეც საქმეა. გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს და იქნება ერთ-ორი ნაბიჯით მაინც წავიდეთ წინ“,- განაცხადა გოცირიძემ.