რამე თუ გახსენდებათ, რაც ვაშაძეს განასხვავებს ხაბეიშვილისგან? ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება იყოს ის, რომ ხაბეიშვილი უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. მე არ მგონია ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და „შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე“.
„ვერავითარ აზრს და შინაარსს ვერ ვხედავ ამ დაბრუნებებში, გადაადგილებებში, ხან გაქცევებში და ხან ჩახუტებებში. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი პარტიების ტრიბუნით ხეტიალი ერთი დარბაზიდან მეორე დარბაზში შედეგის მომტანია, შეუძლიათ ეს გამუდმებით გააგრძელონ. ამ ყველაფერს რაღაც სიძველის სუნი ასდის“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.