გურამ მაჭარაშვილი: საქართველო პირნათელია პოლონეთთანაც და ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში, მაგრამ ნურავინ მოინდომებს იმას, რომ უფროსი ძმასავით მოგვექცეს

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო პირნათელია პოლონეთთანაც და ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში, მაგრამ ნურავინ მოინდომებს იმას, რომ უფროსი ძმასავით მოგვექცეს

პოლონეთის საგარეო უწყების ის განცხადება, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც ცალმხრივად მეგობრობს, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლონელი ექიმების სამედიცინო მისიის ვიდეოკადრები რომ არ გასაჯაროებულიყო, სააკაშვილთან მათ ვიზიტს ბევრი მანიპულაცია მოჰყვებოდა.

„პოლონეთის საგარეო უწყების იმ განცხადებაში ბოდიშის მსგავსი არაფერი ეწერა. მხოლოდ ფაქტის აღნიშვნა იყო, რასაც ვერ გაექცეოდნენ, რადგან თავად აღიარა პოლონელმა ექიმმა, რომ მასალა გაჰქონდა. ამის ვიდეოკადრები ვნახეთ და ვერ იტყოდნენ, რომ ეს არ მოხდა. ამიტომ, თქვეს, რომ შეთანხმებისგან განსხვავებული ფაქტი მოხდა, მაგრამ ამის გასაჯაროება რა საჭირო იყოო. წარმოიდგინეთ, ეს ვიდეოკადრები რომ არ გაგვესაჯაროებინა, რამდენი მანიპულაცია მოჰყვებოდა ამ ფაქტს. ისიც გვახსოვს, რომ პოლონური მხარე ითხოვდა პატიმარ სააკაშვილის გაშვებას და ამბობდა, საჩოჩიალოთი ძლივს გადაადგილდებაო, ვიდეოკადრებით კი ყველამ ნახა, რომ ოროთახიან ლუქსში ამ საჩოჩიალოს დააჭენებდა, აქეთ ეხმარებოდა საჩოჩიალოს. ეს კადრები რომ არ ენახა საზოგადოებას, ხომ მართლა იფიქრებდნენ, რომ იქნებ ეს კაცი ვერ გადაადგილდებაო?

ფაქტია, რომ არავის არ უნდოდა პოლონური წინდების რეკლამა. ამაზრზენი და ძალიან ცუდი საქციელი მოხდა. ის, რომ საქართველომ პოლონეთს გამოუცხადა ნდობა, შემოუშვა ის ექიმები, რომლებიც ოჯახმა ითხოვა, თბილად მიიღეს, მათ ოფიციალურად ყველა ნიმუში აიღეს და ამ დროს, გაყალბებისთვის, ამ ექიმმა ასეთი არაჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი, არაპროფესიონალური საქციელი ჩაიდინა. ნაცვლად იმისა, რომ პოლონეთის საელჩოს მოებოდიშებინა, ამ ექიმმა ასეთი არასწორი საქციელით, რომ ზიანი მიაყენა ორი სახელმწიფოს ურთიერთობას, აქეთ დაგვდო ბრალი, ის ვიდეოკადრები რატომ გასაჯაროვდაო.

საქართველო პირნათელია პოლონეთთანაც და ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში, მაგრამ ნურავინ მოინდომებს იმას, რომ უფროსი ძმასავით მოგვექცეს. რუსეთთან პრობლემა იმიტომ გვაქვს, რომ უფროსი ძმასავით გვექცეოდა. სხვა თუ ჩაანაცვლებს რუსეთს, ეს არაფერს არ შეცვლის. ამიტომ თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომ პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის განხილვა დასრულდაო. სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე ხომ ეს ისედაც ასე იყო, მაგრამ პოლონელი ექიმების ვიზიტმა საბოლოოდ გამოაჩინა, რომ ყველაფერი წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო. ამ სპექტაკლის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.