ილია დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად რჩება.
„გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა საქართველოზე, ქვეყანაზე, რომელიც ევროინტეგრაციის საკმაოდ წარმატებულ გზას ადგას. ამ საკითხზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ვაკეთებდით აქცენტს. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ეს არის ორგანიზებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილ პროცესში, ხშირ შემთხვევაში ვხედავდით ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომლებიც შეგნებულად ან შეუგნებლად ხდებოდნენ ამ პროცესის ნაწილი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.