არახამია ცდილობს შეფასებები გააკეთოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და მეტ-ნაკლებად მიუმხრობელი არბიტრის როლი ითამაშოს, როდესაც იგი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით უნდა იცნობდეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„როდესაც შენ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს მოგონილს უწოდებ, გამოგონილს, თითიდან გამოწოვილს, ყურით მოთრეულს და ა.შ. ანუ შენ ფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ ირღვეოდა მისი მმართველობის პერიოდში. შენ ფიქრობ, რომ ვალერი გელაშვილი წაიქცა და თავი დაარტყა. ფიქრობ, რომ კობა დავითაშვილი მანქანიდან გადმოვარდა უბრალოდ. ფიქრობ, რომ 7 ნოემბერს ხალხი თავის თავს ირბევდა. ფიქრობ, რომ ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარმა ჟურნალისტებმა აიღეს შტურმით და თავი იცემეს. ფიქრობ ასევე, რომ სანდრო გირგვლიანი თვითონ დაეგო დანებს. ფიქრობ, რომ რობაქიძემ თავი მოიკლა. თუ ამ ყველაფერს ფიქრობ, ვერანაირად ვერ იქნები დამოუკიდებელი არბიტრი და იქნები მიმხრობილი ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ გარე ლობისტი თუ წარმომადგენელი“, - განმარტა გია ცაგარეიშვილმა.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.