მედიის ცნობით, მოლდოვა დსთ-ს დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს

მედიის ცნობით, მოლდოვა დსთ-ს დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს

მოლდოვა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიშენეუმ, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.

პირველი შეთანხმება, რომლის დენონსაციასაც მოლდოვა აპირებს, ეხება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, მეორე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, ხოლო მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპექტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას.

ყველა ეს შეთანხმება 1990-იან წლებშია გაფორმებული. მოლდოვა დღემდე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მიმდინარე წლის თებერვალში თქვა, რომ მოლდოვა დსთ-ს ათობით ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს დაიწყებს.