უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის უკანონოდ დატოვებაში დახმარების გაწევაში ადანაშაულებენ

უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის უკანონოდ დატოვებაში დახმარების გაწევაში ადანაშაულებენ

უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ბრალი წარუდგინეს რადას დეპუტატს, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრს, ლუდმილა მარჩენკოს, რომელსაც ქრთამის სანაცვლოდ მამაკაცისთვის ქვეყნიდან უკანონოდ გასვლაში დახმარების გაწევას ედავებიან. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

მარჩენკოსთან ერთად ეჭვმიტანილია მისი თანაშემწეც - ორივე ქალს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

გამოძიების მტკიცებით, მარჩენკო და მისი თანაშემწე დაპირდნენ მამაკაცს, რომ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს გამოაცემინებდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ნებართვას, შემდეგ კი საოლქო ადმინისტრაციამ გასცა შესაბამისი ნებართვა მამაკაცზე, როგორც ავტომობილის მძღოლზე.

საკუთარი „მომსახურება“ მარჩენკომ და მისმა თანაშემწემ 5300 დოლარად შეაფასეს, პოლიციამ ისინი მეორე „ტრანშის“ მიღების დროს დააკავა.