ყოველ ჯერზე როცა ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი და ხორციელდება ისეთი აქტები, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაგირება და ამაზე არსებითად პასუხისმგებელია საგარეო უწყება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და თქვენ ხედავთ, რომ ამ 11 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენი ეროვნული ინტერესები არის მაქსიმალურად დაცული. ამის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა, ამის შედეგია ის, რომ ტერიტორიული წინსვლა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ამ ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია, არცერთი სტრატეგიული ობიექტი არ გაყიდულა რუსეთის ფედერაციაზე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგები. წინა ხელისუფლებას ჰქონდა რადიკალურად განსხვავებული შედეგები, როდესაც რუსეთს ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით საქართველოში“, - აღნიშნა კობახიძემ.