ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა უკრაინაში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები კიევს იყო მიმდგარი, რჩებოდა უკრაინის დედალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.
„ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს ამის გათვალისწინებით უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, დასანანი და სამწუხარო, თუმცა, ამის მიღმა არ ვაპირებთ მათ შორის არც კომენტარებით რეაგირებას. ჩვენ გვირჩევნია დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან.
ოპოზიციის რეაქციას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სინამდვილეში ისინი არიან უცხოელი აგენტები, სხვა ახსნა საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ აქვს. ისინი არ არია ქართველები, ისინი უცხოელი აგენტები არიან და ამიტომ შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ უფლება გააკეთონ ასეთი განცხადებები. ეს არის ამორალური და ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.