კახა კალაძე: მეგობრობა, ურთიერთობები ორმხრივი არსებობს, საქართველოსთან მიმართებით ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ

კახა კალაძე: მეგობრობა, ურთიერთობები ორმხრივი არსებობს, საქართველოსთან მიმართებით ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ

მეგობრობა, სიყვარული, ურთერთობები ორმხრივი არსებობს. ცალმხრივი არაფერი ვარგა. საქართველოსთან მიმართებით ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

კახა კალაძის თქმით, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის.

„ისტორიულად ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ, ერთმანეთის გვერდით იყვნენ და, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ურთიერთობები არსებობდეს. ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ, რაც ჩანს იმ პოლიტიკაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება და მინიშნებები ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ვფიქრობ, ეს თემა დახურულია. სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. სააკაშვილს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე. მან გაასაჩივრა სტრასბურგში, ისიც კარგად ვიცით, სტრასბურგმა რა პასუხი მოიწერა საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. რასაც სააკაშვილი ცდილობდა, აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარკამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო მცდელობა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თითქოს საქართველოში ირღვეოდა ადამიანის უფლებები, პატიმრის უფლებები. მათი ქმედებები ზუსტად ამისკენ იყო მიმართული. სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა და ესეც მიზანმიმართულად კეთდებოდა, პიარსტრატეგიის ნაწილი იყო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდებოდა. რეალურად, არაფერი ხდება. მთავარი და მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორიები, იკვებოს ჩვეულებრივად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა, რომ სააკაშვილს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

„სააკაშვილი არ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, ის სასჯელს იხდის კლინიკაში, რადგან იცით, რა კამპანია იყო წამოწყებული, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. რეალურად, ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, იმკურნალოს, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილი მთელი ამ ხნის, თვეების განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ამისი მიზანი იყო, როგორმე მომხდარიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ ფიზიკურად არის სუსტად, მძიმე მდგომარეობაში, აქვს რაღაც დაავადებები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ხომ გვახსოვს, რომ გამოდიოდნენ და გვაბრალებდნენ, თითქოს მოწამლული იყო ხელისუფლების მიერ. კონკრეტული ექიმები, პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, ასევე უცხო ქვეყნებში თუკი რაიმე ორგანიზაცია იყო, ყველა შეაწუხეს და ყველა ალაპარაკეს. ახლა ამ ადამიანებმა კეთილი ინებონ და ბოდიში მოიხადონ იმ სიცრუისთვის, ცრუ კამპანიისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.