ელჩი ორი დღით წამოვა საქართველოში თუ წავა, ამით არაფერი იცვლება. პრეზიდენტს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდშია, ანგარიში უნდა გავუწიოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.
„სხვა საშუალება თუ არ დაუტოვეს ადამიანის გადარჩენის, რა თქმა უნდა, ადამიანი არის ყველაზე მთავარი ფასეულობა. ელჩი ორი დღით წამოვა საქართველოში თუ წავა, ამით არაფერი იცვლება. ეს არის დიპლომატიური ურთიერთობის დასრულების წინაპირობა, მაგრამ პრეზიდენტს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდშია და ბოროტებასთან ბრძოლის ლიდერია, ანგარიში უნდა გავუწიოთ“, - აცხადებს მანჯგალაძე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.