ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ოპოზიცია კი დაიარება მთელ მსოფლიოში და სურს, ხალხს დააჯეროს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, რომ მმართველი ძალა არის ანტიევროპული და ა.შ. ამ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ, სად შეიძლება იყოს შეხების წერტილი „ომის პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის? - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„შარლ მიშელის დოკუმენტი არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სად შეიძლება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიღწევა და სად არის ეს შეუძლებელი. ამ დოკუმენტზე „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი საკუთარი ინტერესების უკან წაღების ხარჯზე. რადიკალურმა ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაცმოძრაობამ“ ამ დოკუმენტზე 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა და ეს დოკუმენტი 100 დღის განმავლობაში დარჩა ფარატინა ქაღალდად. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი იძულებული გახდა - ცალმხრივად ჩვენ ვერ ვითამაშებდით - და ამ დოკუმენტის ანულირება მოახდინა. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის საკითხში ცალკეულ პირებს შორის, მაგრამ არა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მონაწილეობით, მოხდა კონსენსუსი. აქ სახალხო დამცველის პიროვნებამაც ითამაშა ცალკეული როლი და ჩვენ ავირჩიეთ სახალხო დამცველი. ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ოპოზიცია კი დაიარება მთელ მსოფლიოში და სურს, ხალხს დააჯეროს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, რომ მმართველი ძალა არის ანტიევროპული და ა.შ. ამ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ, სად შეიძლება იყოს შეხების წერტილი „ომის პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის?“ - აცხადებს მათიკაშვილი.