ხვალ მექნება დეტალური პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შესრულდა 12 რეკომენდაცია, რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ის დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებასა და მედიას ამ მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ.
„რეალობა არის, რომ პრინციპულად შევასრულეთ 12-ვე პუნქტი. შეიძლება [არის] გარკვეული საკითხები, რაზეც საუბრობდა ევროკომისარი, ამაზეც გვექნება დეტალური განმარტებები. საბოლოო ჯამში, საბაბსაც კი არ დავტოვებთ, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ქვეყნის შიგნით იცით, ვინც არიან და შეიძლება არიან ძალები ქვეყნის გარეთაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.