რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და ქვეყანაში არეულობა განწირულია მარცხისთვის.

„[ბოლო მოვლენების ფონზე] სამოქალაქო სოლიდარობამ ცხადყო, რომ ნებისმიერი შანტაჟი, შიდა არეულობის შექმნის მცდელობა განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა მან.

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა.

„შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა. აჯანყების ორგანიზატორებს, მიუხედავად ადეკვატურობის დაკარგვისა, ამის გააზრება შეეძლოთ“, - აღნიშნა პუტინმა.

„რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს. ამ დღეებში გადამწყვეტი როლი ითამაშა მოქალაქეთა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ. ამ მხარდაჭერით ერთად გადავლახეთ ჩვენი სამშობლოსთვის ურთულესი განსაცდელი. მადლობა ამისთვის. მადლობა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აჯანყების ორგანიზატორებმა უღალატეს ხალხს და მათ, ვინც აჯანყების პროცესში იყო ჩართული.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს შეუძლიათ გააგრძელონ სამსახური რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ან წავიდნენ ბელარუსში, ხოლო სამხედრო დაჯგუფების წევრებისთვის მიცემული დაპირება შესრულდება.