მოსკოვში „ვაგნერის“ ამბოხის გამო დაწესებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

მოსკოვში „ვაგნერის“ ამბოხის გამო დაწესებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც მოსკოვსა და პოდმოსკოვიეში ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გამო დაწესდა, გაუქმებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა მოსკოველებს „სიმშვიდისთვის“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონტრტერორისტულ რეჟიმთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისს ამოქმედდა, მას შემდეგ რაც დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ამბოხი დაიწყო. „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა როსტოვიდან მოსკოვის მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის ფარგლებში მოსკოვში ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდა, ორშაბათი კი არასამუშაო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ რაც პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი ქვედანაყოფები საველე ბანაკებში ბრუნდებიან, მოსკოვის ხელისუფლებამ დასვენების დღე არ გააუქმა.