ბრიტანული დაზვერვა: „ვაგნერი“ მოსკოვში შესვლას გეგმავს, რუსი ძალოვნების ლოიალობას უახლოეს საათებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება

ბრიტანული დაზვერვა: „ვაგნერი“ მოსკოვში შესვლას გეგმავს, რუსი ძალოვნების ლოიალობას უახლოეს საათებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“ მოსკოვში შესვლას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსი სამხედროები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები „ვაგნერს“ პრაქტიკულად არანაირ წინააღმდეგომას არ უწევენ.

„დიდი ალბათობით, შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“ მოსკოვში შესვლას გეგმავს. დაჯგუფება უკრაინიდან დაიძრა და უკრაინა-რუსეთის საზღვარი სულ მცირე ორ ადგილას გადაკვეთა. დონის როსტოვში პრიგოჟინის მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს ყველა საკვანძო ობიექტზე, მათ შორის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბზე. ახლა „ვაგნერის“ ძალები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე არიან, საიდანაც, დიდი ალბათობით, მოსკოვისკენ გაემართებიან. რუსული ძალოვანი სტრუქტურების ლოიალობას უახლოეს საათებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - აღნიშნავენ ბრიტანულ დაზვერვაში.

მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.