შარლ მიშელი: ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში შექმნილი სიტუაციის განვითარებას, ეს ცალსახად რუსეთის შიდა საქმეა

შარლ მიშელი: ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში შექმნილი სიტუაციის განვითარებას, ეს ცალსახად რუსეთის შიდა საქმეა

ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში შექმნილი სიტუაციის განვითარებას, ეს ცალსახად რუსეთის შიდა საქმეა, - ამის შესახებ Twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

„ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში შექმნილი სიტუაციის განვითარებას. დამყარებული გვაქვს კავშირი ევროპელ ლიდერებთან და პარტნიორებთან „დიდი შვიდეულიდან“. ეს ცალსახად რუსეთის შიდა საქმეა. უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, - წერს შარლ მიშელი.

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.