ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი პროპაგანდის საშუალებით დიდხანს მალავდა საკუთარ სისუსტეს. ახლა ქაოსი იმდენად დიდია, რომ მას ვერანაირი ტყუილით ვერ დამალავ

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი პროპაგანდის საშუალებით დიდხანს მალავდა საკუთარ სისუსტეს. ახლა ქაოსი იმდენად დიდია, რომ მას ვერანაირი ტყუილით ვერ დამალავ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ნებისმიერი, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, ამით საკუთარ თავს ანადგურებს.

„რუსეთი პროპაგანდის საშუალებით დიდხანს მალავდა საკუთარ სისუსტეს. ახლა ქაოსი იმდენად დიდია, რომ მას ვერანაირი ტყუილით ვერ დამალავ. რუსეთის სისუსტე თვალნათლივ ჩანს. რაც უფრო დიდხანს გააჩერებს რუსეთი საკუთარ ჯარს და დაქირავებულ მებრძოლებს ჩვენს მიწაზე, მით უფრო მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემა შეექმნება. ესეც ძალიან ნათელია. უკრაინას შეუძლია, დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსის გავრცელებისგან“, - წერს ზელენსკი Telegram-ზე.

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.