„კატარგეითის“ ფიგურანტი იტალიელი ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა. Politico-ს ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბელგიურმა სასამართლომ მიიღო.
კოცოლინოს ადვოკატის, ვინჩენცო დომენიკო ფერაროს განცხადებით, ნებისმიერი მოგზაურობის წინ, ერთი კვირით ადრე კოცოლინომ ამის შესახებ სასამართლოს უნდა შეატყობინოს. მას ასევე ეკრძალება საქმის სხვა ფიგურანტებთან ურთიერთობა.
კოცოლინოს ბრალი ედება კორუფციაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობასა და ფულის გათეთრებაში. ბელგიის პროკურატურა იძიებს, იღებდა თუ არა კოცოლინო ქრთამს მაროკოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ბრიუსელში ამ ქვეყნის ინტერესების ლობირების სანაცვლოდ. კოცოლინო ყველა ბრალდებას უარყოფს.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.