ზოლებიანი ვირი

ზოლებიანი ვირი

რატომ, მაინცდამაინც, ზებრა? ხომ შეიძლებოდა, ვთქვათ, ბეჰემოთი ან კურდღელი, ანაც, დავუშვათ, სელაპი და ლოქო, თუნდაც - ციყვი და ტურა! ახლა, ვზივარ, ვიხსენებ და ვერ გამიხსენებია, იყო თუ არა ოდესმე თბილისის ზოოპარკში ზებრა. ვერც ჩამოსულ ცირკს ვიხსენებ, ზებრა რომ ჩამოეყვანოს. მოკლედ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის ზებრაში რაღაც იდუმალი, ქარიზმატული. ცხენია და... არაა ცხენი. თითქოს, ვირია, მაგრამ არც ვირია. უფრო, ვირი მგონია და როცა იმან ზებრა ახსენა, უფრო განიმიმტკიცდა აზრი, რომ ის არის ვირი. ზებრაზე ვამბობ.

მაგრამ, გადამოწმება მაინც საჭიროა. რა იცი, იქნებ ცხენია?

ასეც გამოვიდა - ცხენი ყოფილა, ცხენის ნათესავი.

გადასამოწმებლად ვიკიპედია-ენციკლოპედიას მივმართე და შემდეგი ამოვიკითხე: „ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი... ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე... იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან“.

რაღაც-რაღაცეები ემთხვევა - ესეც ჯოგში ცხოვრობს, ხანდახან ველზეც ბინადრობს, ამანაც ორი შობა, ბალახითაც იკვებება და, ტყავის სილამაზეზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ მასზე ნადირობა ბევრს წყურია, თუმცა აკრძალულია.

არის მასში რაღაც ზებრული. იმედია, ტყვეობას კარგად გადაიტანს, მოთვინიერებით კი, აუცილებლად მოთვინიერდება.

ჰო... ზებრა მომთაბარე ცხოველიაო - გვამცნობს ელექტრონული წიგნი. ხან მთაშია და ხანაც ბარშიო, და ესეც - ხან მთაშია, ხან ბარში, ხან წყალში, ყველაზე დიდ დროს კი ჰაერში ატარებს, და აი აქ იბადება კითხვა - ვის გაუგია, რომ ცხენი დაფრინავდეს? ანუ, ზებრა, მიუხედავად ელექტრონულ წიგნში ამოკითხულისა, მაინც ვირისებრთა ოჯახის წევრი უნდა იყოს. „ვირის ფრენა ვიღას სმენია?“ - იკითხავთ თქვენ და სიცილს დამაყრით, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, სანამ გულიანად გაიცინებდეთ, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩემმა უფროსმა მეგობარმა და კოლეგამ, ლევან სეფისკვერაძემ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გამომიგზავნა: „კიევოს“ მეტსახელად ხო იცი „მფრინავი ვირები“ რატო ქვია? თანაქალაქელი „ვერონას“ ფანები ღადაობდნენ, „კიევო“ როცა „სერია ა“-ში გადმოვა, მაშინ ვირებიც გაფრინდებიანო. ჰოდა, რო გადმოვიდნენ, მფრინავი ვირების პლაკატები გადმოფინეს „კიევოს“ ფანებმა“.

ასე რომ, ვირები დაფრინავენ და ამიტომაც მგონია, რომ ზებრა ვირისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და მაგდანას ლურჯას უფრო ენათესავება, ვინემ არსენას ლურჯას.

მოკლედ, ზებრა ვირია, ზოლებიანი ვირი. მათ შორის მსგავსება ხასიათში ვლინდება - ორივეს ვირული ხასიათი აქვს, ოღონდ ვირი მშრომელია, ზებრა კი თავისუფლად დანავარდობს, რადგან (აქ ისევ ელექტროწიგნს მოვიშველიებ) „მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში“.

ზებრაზე, ანუ ზოლიან ვირზე ნადირობის აკრძალვას „კოაბიტაცია“ ეწოდება, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და, მათ შორის, კოაბიტაციასაც. კოაბიტაციის დასასრულს მოკლედ და სხარტად გაცემული ბრძანება გვამცნობს: „აიღე და ხრამში გადააგდე“.

მიხომ ტელევიზორში ზებრა დაინახა. უყურა, უყურა და მერე თავისთვის ჩაილაპარაკა: „ეგ ხალათი რომ ჩაგიცვამს, გეგონა ვერ გიცნობდი?“

ვფიქრობ, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ზებრა არ არის ცხენი, იგი ვირია, ზოლებიანი ვირი.

ათიოდე წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ვირის კულტი იყო. ცხრა წლის წინაც იყო, რვა წლის წინაც... მერე და მერე ყველა მიხვდა, რომ ვირი ვირია, თუმცაღა ექსპერტ-ვიროლოგები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ ის განსხვავებული, ზოლებიანი ვირია - განათლებული, ჭკვიანი, ფრანგულად ციტირებს ბოდლერს, ესპანურად - სერვანტესს, ინგლისურად - შექსპირს... შეხეთ, რა მაღალია და რა ლამაზიაო... საერთოდ, ვირი ლამაზია, მაგრამ მაინც ვირია, თუნდაც ზოლებიანი იყოს. ექსპერტი რისი ექსპერტია, თავისას ბოლომდე თუ არ მიაწვა? განსაკუთრებული სიჯიუტით ექსპერტ-ვიროლოგები გამოირჩევიან. იმდენი ადიდეს, იმდენი აქეს, რომ თვითონაც გადაედოთ თუ ხასიათი და თუ ზოლები, მაგრამ თუ შუბი არ დაიმალება ხალთაში, ვირი როგორ დაიმალება ხალათში?

გავილექსე კიდეც. მე რა... ისინი იყვნენ თუ იყვნენ გალექსილები, ზემოთ რომ მოგახსენეთ. ეგ კი არა, ნამცხვარიც კი გამოიგონეს მის საპატივცემულოდ, ნამცხვარი „ზებრა“: „5 მთლიანი კვერცხისგან და 2 ჩ/ჭ შაქრისგან გაკეთეთ გოგლიმოგლი, დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად აზილეთ. ცომი გაყავით შუაზე. ერთ ნახევარს შეაზილეთ 2ს/კ კაკაოს ფხვნილი. ნამცხვრის ფორმას წაუსვით კარაქი, რიგრიგობით დაასხით ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გაგრძელეთ სანამ ცომი დამთავრდება შემდეგ შედგით გამოსაცხობად. გამოცხობის შემდგომ - გემოვნებით ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი“.

ერთ ნახევარს ნამდვილად ჰქონდა შეზელილი კაკაოს ფხვნილი, კარაქიც დაუნანებლად იყო წასმული, თავის საქმეს გოგლიმოგლიც აკეთებდა. თავიდან ნამცხვარი პოპულარული იყო (თუმცა, მე დიაბეტი დავიბრალე და ახლოს არ ვეკარებოდი), ჭამა ხალხმა, მაგრამ რა ჭამა! უცხო იყო, ეგზოტიკური, სახელიც ისეთი ჰქონდა - „ზებრა“... რამდენიმე წელი ჭამეს, მაგრამ აკი გითხარით, ყველაფერს აქვს დასასრული-მეთქი (კოაბიტაციასაც) - აღმოჩნდა, რომ კარაქი იყო მძაღე, კაკაო - ზედმეტად მწარე, ფქვილი - ქატო, გოგლიმოგლი - ლაყე.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ყველაფერ ამას, ერთად აღებულს, ნამცხვარ „ზებრად“ წოდებულს, ისეთი სუნი დაკრავდა, ზაფხულში რამდენიმე დღით სადმე რომ წახვალ და მაგიდაზე ბორშჩი რომ დაგრჩება და რომ ყარს.

რა ნამცხვარი... ბორშჩი ყოფილა და „ზებრა“ კი არა, „ვირი“.

ბორშჩი „ვირი“ - აბა, რამდენ ხანს უნდა ეჭამა ხალხს ეს საზიზღრობა? აბრაამ ლინკოლნიც ხომ მაგას ამბობდა, ხალხი დიდხანს არ ჭამსო. არა, მაინც სად მიგრძნო გულმა, ექსპერტებს არ ენდოო! ექსპერტებს თუ ენდე, წასულია შენი საქმე. მაშ, ხუთი გრძნობა რისთვის გაქვს და ხანდახან მეექვსე გრძნობაც ხომ არსებობს, შინაგანი ხმა თუ ინტუიცია თუ რა ვიცი კიდევ, რომ ჩაგძახის, ვირია, ოღონდ - ზოლებიანიო.

აი, მაგ ზოლებშია საქმე, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ - უსაქმურობა. ზოგადად, ვირი მშრომელია, მაგრამ ვირი თუ გამამაძაღლდა მტრისას! ვირი ზოლებს რომ დაიხატავს და სარკეში ჭვრეტას დაიწყებს, როდისღა უნდა იმუშაოს?

„ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს, რა აზრი აქვს, რუსები ადასტურებენ ყოველ ნაბიჯზე. ვინ ვის დაიჭერს, მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ ივანიშვილმა დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შემეხება მე, მე განმსჯის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი“, - თქვა და ფერდები შეითვალიერა, ემანდ საღებავი ხომ არ გადამდისო.

ვირის ჭკუაზე ხომ ლეგენდები დადის... ამან კიდევ - რუსები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადასტურებენო. კიდევ რას ადასტურებენ რუსები? სოხუმი რომ... ცხინვალი რომ...

არააა... ეგ ნამდვილად არ არის ივანიშვილის ზებრა, ეგ ჩვენი ვირია, ზოლებიანი ვირი, რომელსაც ისტორია თავის ადგილს ნამდვილად მიუჩენს, ოღონდ, იმ ანეკდოტისა არ იყოს, ჯერ მაკუმბა, ანუ სასამართლო. ჰოდა, სასამართლომ გადაწყვიტოს, სად არის მისი ადგილი, ზოოპარკში თუ ვირის აბანოში.