ორბანი უკრაინას: თუ ფული გსურთ, ნუ დააწესებთ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ

ორბანი უკრაინას: თუ ფული გსურთ, ნუ დააწესებთ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის მიერ უნგრული OTP Bank-ის ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანის შესახებ.

უნგრეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტისა და ევროპის მშვიდობის ფონდისგან გადასაცემი სამხედრო დახმარების დაბლოკვას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პრინციპული საკითხი უწოდა და მხარი დაუჭირა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს პოზიციას.

„საგარეო საქმეთა მინისტრი მართალია. თუ უკრაინას სურს მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, მას არ შეუძლია ჩვენი კომპანიების შავ სიაში შეყვანა. არ შეიძლება, ორივე ერთდროულად გქონდეს. ფული თუ გინდა, იყავი კეთილგანწყობილი, პატივი გვეცი ჩვენ და ნუ დააწესებ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ. სულ ეს არის“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

17 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის ძალიან რთული იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს შეუერთდეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ უნგრული ბანკი შავ სიაში შეიყვანა.

მანამდე უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა ბანკის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, რადგან ის აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.

სიიარტომ უნგრული ბანკის (OTP) „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ „სანამ ბანკი OTP დარჩება ამ სიაში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სანქციების მე-11 პაკეტზე მოლაპარაკებებში შესვლა“ და „ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ეკონომიკურ შეზღუდვებზე შეთანხმება, რომელიც დამატებით მსხვერპლს მოითხოვს“.