,,მოიცა, საწვავს არ ჩაგვისხავთ?”- იკითხეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა იმ დროს, როდესაც გორის ,,დილას” და ვენის ,,რაპიდს” შორის თბილისში გასამართ მატჩზე გულშემატკივრების ტრანსპორტირებაზე მიდგა საუბარი. ,,საწვავია მთავარი, თორემ ტრანსპორტს იმდენს ვიშოვით” – იხუმრეს დანარჩენებმა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ სოფლის გამგებლებს გულშემატკივრების ტრანსპორტირებაში დახმარება სთხოვა: ,,ეს იქნება მეგობრული თხოვნა, რაც შესაძლებლობა იქნება, იმის ფარგლებში გააკეთეთ. წამოსვლის მსურველი ძალიან ბევრია. სოფლებიდანაც იქნებ თითო-თითო ავტობუსი წამოიყვანოთ” – განაცხადა გამგებელმა.
საკითხი პირველად ქვახვრელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გია სადაღაშვილმა წამოჭრა: ,,ბიჭები კითხულობენ, ტრანსპორტი იქნება თუ არაო?”. სადაღაშვილს უპასუხეს, რომ ავტობუსის საწვავის თანხის შეგროვება, ან თვითონ გულშემატკივრებს მოუწევთ, ან სოფლის გამგებელმა თავისი ხელფასიდან უნდა გაიღოს.
,,ბარაბნები არ გინდათ?! ორი ცალი მაქვს, იმას გაგატანთ” – განაცხადა ბოშურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მალხაზ კვალიაშვილმა.
2013 წლის 29 აგვისტოს, თბილისში ევროპის ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩი გორის ,,დილასა” და ვენის ,,რაპიდს” შორის გაიმართება. პირველ თამაშზე სტუმრად მყოფმა ,,დილელებმა” 0:1 წააგეს. გორის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ თბილისში ავსტრიელებს დამაჯერებლად მოუგებენ.
ევროპის ლიგის შესარჩევ თამაშებზე ,,დილა” ჯერ დანიაში იყო, შემდეგ ავსტრიაში. გუნდს დანიაში გორის მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ დიდი დელეგაცია, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატი, გაჰყვა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ოფიციალური პირების ვოიაჟების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, ავსტრიაში დელეგაცია შეთხელდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპაში საკუთარი ფულით არ იმყოფებოდნენ.