საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კარგად რომ გაიაზროს, მიხვდება, რომ რუსეთის მიერ ცალმხრივად აღდგენილი ფრენები მისი გადაწყვეტილებაა.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და ნატო-საქართველოს ურთიერთობის დაწყებიდან, არც შეერთებულ შტატებს და არც ალიანსს საქართველოზე ერთგული პარტნიორი არ ჰყოლია. საქართველო მუდმივად ასრულებდა ყველაზე დიდ როლს, დიდ კონტრიბუციას ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის იმ მისიებში, რომელიც ჰქონდა ნატო-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არაერთი ქართველი სამხედრო, არაერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა ამ მისიების შესრულების დროს და ჩვენი ღვაწლი ამ მხრივ არის ძალიან დიდი. საქართველო ყოველთვის ნატო-სა და მისი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების სადარაჯოზე იდგა და ჩვენ 2008 წლის ომის შემდგომ ვნახეთ ის, რომ ომი, რომელმაც შეარყია ჩვენი ქვეყანა, 20% ტერიტორია წაგლიჯა მას, ეს ომი და გაღებული სისხლი არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ რუსეთთან - მოძალადე აგრესორთან, ევროპასა და შეერთებულ შტატებს ჰქონოდათ პრინციპული და დროზე გათვლილი პოლიტიკა სანქციების დაწესების, შეზღუდვების ამოქმედების და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერის. პირიქით, ჩვენ ვნახეთ გადატვირთვის პოლიტიკა, გადაიშალა ფურცელი, თითქოს არც არაფერი მომხდარა 2008 წელს და ყველაფერი გაგრძელდა. ასე რომ, ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, შეერთებული შტატების საელჩომ კიდევ უფრო მეტად რომ გაიაზროს დღევანდელი მდგომარეობა, ის კარგად მიხვდება, რომ რუსეთის მიერ ცალმხრივად აღდგენილი ფრენები ეს არის მისი გადაწყვეტილება და ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების და ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული პირების ინტერესებზეა და არა რუსეთის ინტერესებზე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.