სერბეთში ძალადობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა აქცია გამართა

სერბეთში ძალადობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა აქცია გამართა

„სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით ათობით ათასმა მოქალაქემ ბელგრადსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ძალადობის წინააღმდეგ მსვლელობა მოაწყო. ამის შესახებ BBC წერს.

აქციის მონაწილეები უსაფრთხოების გაძლიერებას, ტელევიზიებში ძალადობრივი კონტენტის აკრძალვას და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის გადადგომას და ელექტრონული მედიის მარეგულირებელი კომიტეტის დათხოვნას მოითხოვდნენ.

დემონსტრაცია სერბეთში გასულ კვირას 17 ადამიანის დაღუპვას მოჰყვა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა იარაღზე კონტროლის გასამკაცრებლად და სკოლებში უსაფრთხოების გასაძლიერებლად სპეციალური ზომები მიიღო. თანამდებობიდან გადადგა განათლების მინისტრი ბრანკო რუზიჩი.

დღეიდან კი სერბეთში უკანონო იარაღთან დაკავშირებით ამნისტია იმოქმედებს. მოქალაქეებს, რომლებიც არალეგალურად ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღს, პოლიციისთვის მისი ჩაბარების შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.