პაატა მანჯგალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ გიორგი ვაშაძის მიმართ შეიძლება რეპუტაციული ზიანის მიმყენებელი „შავი პიარი“ აგორდეს, ასე არ არის - მიზანმიმართული კამპანიაა, შექმნან განცდა, რომ ყველა ლიდერი თაღლითი და მატყუარაა

პაატა მანჯგალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ გიორგი ვაშაძის მიმართ შეიძლება რეპუტაციული ზიანის მიმყენებელი „შავი პიარი“ აგორდეს, ასე არ არის - მიზანმიმართული კამპანიაა, შექმნან განცდა, რომ ყველა ლიდერი თაღლითი და მატყუარაა

ეს არის საინფორმაციო დივერსია, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღმაშენებლის გამზირის N 75-ში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, გიორგი ვაშაძის ძმა ნამდვილად ფლობს ფართს, თუმცა სპეცოპერაცია სხვა ფართში და სხვა სართულზე ჩატარდა.

„ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კამპანია და თუ ვინმეს ჰგონია ოპოზიციაში ან ჩვეულებრივი მაყურებელი ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ გიორგი ვაშაძის მიმართ შეიძლება რეპუტაციული ზიანის მიმყენებელი „შავი პიარი“ აგორდეს, ასე არ არის. ეს არ დაწყებულა გიორგი ვაშაძით, დაიწყო ბევრად უფრო ადრე სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ. ზოგს რას დააბრალებენ, ზოგს რას დააბრალებენ. ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ოპოზიციაში არ დარჩეს საღი ლიდერი და შექმნან განცდა, რომ ყველა ლიდერი თაღლითი და მატყუარაა. მეორე, საზოგადოებაში დანერგონ ნიჰილიზმი, რომ თქვენთვის არავინ არ არის და ისევ ბიძინა ჯობია და მესამე, თავისი დანაშაული გადაფარონ.

ეს დაგეგმილი სპეცოპერაცია მგონია მე და ამას ბევრი რამ ადასტურებს. იმ მისამართზე ნამდვილადაა გიორგი ვაშაძის ძმის საკუთრება, მაგრამ სხვა სართულზეა, საერთოდ შეხება არ აქვს, არავის არ დაულუქია, სასტუმროა და ახლაც ახორციელებს ოპერირებას. ყველაფერი მოხდა სხვის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ ფართში“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, აღმაშენებლის N75-ში, წუხელ, გვიან ღამით სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული. არსებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.